quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

reforma

სასამართლო რეფორმის დასაწყისი

 

1997 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტის მიერ `საერთო სასამართლოების შესახებ~ საქართველოს ორგანული კანონის მიღებით დაიწყო სასამართლო რეფორმა საქართველოში.

რეფორმის მიზანს წარმოადგენდა ქვეყნის კონსტიტუციით განმტკიცებული ხელისუფლებათა დანაწილების პრინციპის რეალიზება და ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის უზრუნველსაყოფად დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ფორმირება. სამწუხაროდ, 1997 წელს დაწყებულ სასამართლო რეფორმას არ მოჰყოლია ის შედეგები, რასაც ითვალისწინებდა რეფორმის კონცეფცია. ამორტიზებული მატერიალური ბაზის, მოსამართლეთა და სასამართლომოხელეთა სოციალური დაცვის გარანტიების არარსებობის პირობებში, სასამართლო სისტემაში დაგროვდა უამრავი პრობლემა, რამაც ხელი შეუწყო არაჯანსაღი პროცესების განვითარებას. ამასთან, პოლიტიკური ნების არარსებობის გამო არ განხორციელდა სასამართლო სისტემასთან პირდაპირ შეხებაში მყოფი სხვა სახელმწიფო უწყებების (პროკურატურა, პოლიცია) რეფორმა.

 

სასამართლო რეფორმის ახალი ეტაპი

სასამართლო რეფორმის ახალი ეტაპი 2005 წელს დაიწყო. შემუშავებულ იქნა რეფორმის ახალი კონცეფცია და განისაზღვრა ახალი პრიორიტეტები, კერძოდ:

- სასამართლო სისტემაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმების სრულყოფა და მათი საქმიანობის ეფექტურობის უზრუნველყოფა.

- სასამართლო სისტემის ინსტიტუციური რეორგანიზაცია, მწყობრი, ფუნქციურად გამართული სისტემის შექმნა და შესაბამისად, თანმიმდევრული ინსტანციურობის პრინციპის უზრუნველყოფა.

- მოსამართლეთა სპეციალიზაცია ყველა ინსტანციის სასამართლოში.

- მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდა არანაკლებ 400-მდე.

- მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების გაზრდა, სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების გაძლიერება და განმტკიცება.

- მოსამართლეთა კადრების შერჩევის კრიტერიუმების დახვეწა და მათი თანამდებობაზე

- განწესების სისტემის სრულყოფა.

- მოსამართლეობის კანდიდატთა მომზადებისა და მოქმედი მოსამართლეების მუდმივი

- გადამზადების სისტემის შექმნა, შესაბამისი გრძელვადიანი პროგრამებისა და სასწავლო კურსის შემუშავება და ამოქმედება.

- კარიერის პრინციპით მოსამართლეთა სამსახურებრივი წინსვლის უზრუნველყოფა.

- სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფა.

- სასამართლოთა შენობებში და სხდომათა დარბაზებში წესრიგის დაცვის მიზნით სასამართლომანდატურის ინსტიტუტის შემოღება.

- სასამართლოს ორგანიზაციული მუშაობის გაუმჯობესება, მისი მენეჯმენტის სისტემის დახვეწა, სასამართლო აპარატის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლება და მათი საქმიანობის გაუმჯობესება.

- სასამართლო სისტემის ერთიანი კომპიუტერული ქსელის შექმნა, შესაბამისად, საქმისწარმოების ხარისხის ამაღლება და სრულყოფა, სასამართლოთა საქმიანობის გამჭვირვალობისა და საჯაროობის უზრუნველყოფა საჯარო ინფორმაციის ქსელში განთავსებით.

- გაჭიანურებული სასამართლო განხილვების პრობლემის გადაწყვეტა, საქმეთა განმეორებითი განხილვის შემთხვევების მინიმუმამდე დაყვანა.

- იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და სადისციპლინო სამართალწარმოების მექანიზმის დახვეწა. შემადგენლობაში მოსამართლეთა რაოდენობის, სულ მცირე, ნახევრამდე გაზრდა და მათი საქმიანობის ეფექტურობის უზრუნველყოფა.

- სასამართლოსა და მასმედიის ურთიერთობის გაფართოება და გაუმჯობესება, სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის გაძლიერება.

უნდა აღინიშნოს, რომ რეფორმის ზემოთ დასახელებული პრიორიტეტები კიდევ უფრო დეტალურად აისახა არაერთ სამთავრობო თუ საერთაშორისო პროგრამაში. მაგალითისათვის შეიძლება მოვიყვანოთ საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა. სასამართლო რეფორმის თითოეული მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი მხოლოდ ერთ მთავარ მიზანს ემსახურება, ესაა – დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის შექმნა და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელება. 2005 წლიდან დღემდე არაერთი წარმატებული ნაბიჯი გადაიდგა, რამაც დადებითი ეფექტი ჰპოვა როგორც სასამართლო სისტემის გამართული ფუნქციონირების თვალსაზრისით, ასევე სასამართლო ხელმისაწვდომობის კუთხით.

 

1. ინსტიტუციური ცვლილებები

2005 წლამდე არ არსებობდა მწყობრი, თანმიმდევრული ინსტანციურობის პრინციპზე აგებული სასამართლო სისტემა. 1997 წელს, კანონმდებელმა `საერთო სასამართლოების შესახებ~ საქართველოს ორგანული კანონის მიღებით თითქოს სცადა თანმიმდევრული ინსტანციურობის პრინციპის შემოღება, გაითვალისწინა კიდეც სააპელაციო სასამართლო, როგორც მეორე ინსტანციის სასამართლო, რომელსაც უნდა განეხილა სააპელაციო საჩივრები პირველი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებზე, თუმცა, რეფორმა ვერ განხორციელდა და 2005 წლამდე ფაქტობრივად მოქმედებდა სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოები, რომლებიც საქმეებს განიხილავდნენ ასევე პირველი ინსტანციით. სწორედ თანმიმდევრული ინსტანციურობის პრინციპის დამკვიდრებას ისახავდა მიზნად ინსტიტუციური რეფორმა, რაც გულისხმობს წმინდა პირველი, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოების ფუნქციონირებას.

განხორციელებული ცვლილებით რაიონული (საქალაქო) სასამართლოები საქმეებს განიხილავენ პირველი ინსტანციით. შემოღებული იქნა მაგისტრატი მოსამართლის ინსტიტუტი, რომლის მთავარი ამოცანაა მცირემნიშვნელოვანი დავების სწრაფად და გამარტივებულად განხილვა და გადაწყვეტა.

სააპელაციო სასამართლო საქმეს განიხილავს მხოლოდ აპელაციის წესით. საქართველოს უზენაესი სასამართლო ჩამოყალიბდა წმინდა საკასაციო ინსტანციის სასამართლოდ. უზენაეს სასამართლოში გაუქმდა სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია, რომელიც პირველი ინსტანციით განიხილავდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის საქმეებს. ამჟამად უზენაესი სასამართლო განიხილავს მხოლოდ საკასაციო საჩივრებს. შემოღებულ იქნა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის კრიტერიუმები.

 

2. საკადრო რეფორმა

საკადრო რეფორმა სასამართლო რეფორმის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, რომლის მიზანია სასამართლო სისტემის მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტება და ძლიერი სამოსამართლო კორპუსის შექმნა, რაც მოიცავს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზებას, მოსამართლეთა შერჩევის ეფექტური და გამჭვირვალე კრიტერიუმების შემოღებას, მოსამართლეთა სწავლებას და სხვა ღონისძიებებს. 2005 წლიდან მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდები ტარდება სპეციალიზაციის მიხედვით, კერძოდ, საერთო, სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზებით, რაც განაპირობებს საქმეების განხილვას შესაბამის დარგში უფრო მეტი კვალიფიკაციის მქონე მოსამართლეების მიერ, რომლებიც სპეციალიზებულნი იქნებიან სამართლის ვიწრო დარგების მიხედვით.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით დამტკიცებულ იქნა მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები. კანდიდატების შერჩევა ხდება განათლების, ინტელექტის, პროფესიული გამოცდილების, პიროვნული მახასიათებლების, მოტივირების, საქმისადმი დამოკიდებულების, კომუნიკაბელობის, მორალურ-ეთიკური თვისებების გათვალისწინებით. ამასთან, საზოგადოების ფართო წრეს შესაძლებლობა აქვს გამოხატოს თავისი მოსაზრებები თითოეულ შერჩეულ კანდიდატზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე ინფორმაციის გაგზავნის მეშვეობით

მოსამართლეთა შერჩევის უფრო ეფექტური კრიტერიუმების დამკვიდრების მიზნით, 2005 წლის 28 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა საქართველოს კანონი `იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ~, რომლის შესაბამისადაც შეიქმნა იუსტიციის უმაღლესი სკოლა. სკოლის დანიშნულებაა საერთო სასამართლოების სისტემის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტების მიზნით მოსამართლედ გასამწესებელი პირის, იუსტიციის მსმენელის პროფესიული მომზადების უზრუნველყოფა.

იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ ასევე აქტიურად ხორციელდება მოსამართლეთა და სასამართლოს აპარატის მოსამსახურეთა გადამზადება მოსამართლები გადიან სპეციალურ მომზადებას პედაგოგიკასა და ფსიქოლოგიაში. იუსტიციის უმაღლესი სკოლის ფარგლებში მოსამართლეებისათვის აქტუალურ საკითხებზე იმართება სემინარები.

საკადრო რეფორმის შემადგენელი ნაწილია სასამართლოს აპარატების მოხელეთა დაკომპლექტება მაღალკვალიფიციური და ღირსეული კადრებით. ამ მიმართულებით აღსანიშნავია, რომ სასამართლოების გაერთიანების პროცესის პარალელურად აღნიშნულ სასამართლოებში ტარდება აპარატის მოხელეთა კონკურსი. პირველად დადგინდა ერთიანი საკვალიფიკაციო მოთხოვნები სასამართლოს აპარატის მოხელეთათვის, რაც კომისიის მიუკერძოებლობისა და ობიექტურობის ერთ-ერთი გარანტი გახდა. შეიძლება ითქვას, რომ ახლადდაკომპლექტებული აპარატი წარმატებით მუშაობს და ორიენტირებულია მოქალაქეთა უფლებების დაცვაზე.

 

3. სოციალური დაცვის გარანტიები

სასამართლო სისტემაში ეფექტური სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების არსებობა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ერთ-ერთი საშუალებაა. სასამართლო სისტემაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმების სრულყოფის ერთ-ერთ ინდიკატორად სწორედ მოსამართლეთა მყარი სოციალური გარანტიების შექმნა განისაზღვრა. 1999 წლამდე მოსამართლის ხელფასი 30 ლარს არ აღემატებოდა, არ არსებობდა ტექნიკურად აღჭურვილი სასამართლო შენობები, ეფექტური და მოქნილი ადმინისტრირება. ასეთ პირობებში, თავისთავად ძნელი იქნებოდა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების საკითხი მოწესრიგდა შესაბამისი საკანონმდებლო აქტით. ამჟამად საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თანამდებობრივი სარგოს მინიმალური ზღვარი 2300 ლარია, ხოლო მაქსიმალური – 5650 ლარი.

 

4. სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა

სასამართლო რეფორმის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სასამართლოთა მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და შესაბამისად, მოსამართლეთა და სასამართლოს აპარატის მოსამსახურეთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებას. რეფორმის დაწყებამდე სასამართლოთა შენობები იმყოფებოდა სავალალო მდგომარეობაში. მიმდინარე ეტაპზე ინტენსიურად განხორციელდა სასამართლოების სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამისად. მოეწყო ახალი დარბაზები, რომლებიც აღჭურვილია შესაბამისი ავეჯითა და კომპიუტერული ტექნიკით. აღნიშნულით შესაძლებელი გახდა სტენოგრაფიული ჩანაწერისა და სხდომის ოქმის ელექტრონული ფორმით მომზადება, ხოლო დისპლეის მეშვეობით - მტკიცებულებების ნახვა. აღნიშნული პროცესი თავდაპირველად მიმდინარეობდა მსოფლიო ბანკის დახმარებით, ხოლო დღესდღეისობით მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ხარჯზე. აღსანიშნავია, რომ მსგავსი შედეგების მიღწევა მნიშვნელოვნად განაპირობა სასამართლოებისათვის განკუთვნილი ბიუჯეტის ზრდამ და ასევე ფინანსური დანახარჯების საკითხთან ახლებურად მიდგომამ.

 

5. დისციპლინური წარმოება">სამართალწარმოება

მოსამართლეთა დამოუკიდებლობის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების მექანიზმის დახვეწა. `საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ~ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებებით დისციპლინური სამართალწარმოების პროცესი გახდა უფრო მოქნილი და დროში შემჭიდროვებული. საქმის განხილვის პროცედურის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადატანით, საბჭოს რაოდენობის მოსამართლეებით გაზრდის პირობებში, შეიქმნა დისციპლინური საქმის უფრო ობიექტურად განხილვის გარანტიები. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარმოადგენს მოსამართლის მიმართ როგორც დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების უფლებამოსილების მქონე, ასევე დისციპლინური სახდელისა და დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების აღსრულებაზე პასუხისმგებელ ორგანოს.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დისციპლინურ საკითხზე გამართულ სხდომაში და გადაწყვეტილების მიღებაში არ მონაწილეობს საქართველოს იუსტიციის საბჭოს ის წევრი, რომელიც საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრია. მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური საქმისწარმოების სისტემა იმგვარადაა მოწყობილი, რომ იგი სრულად შეესაბამება როგორც 1994 წლის 13 ოქტომბერს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ მიღებულ რეკომენდაციას - `მოსამართლეთა დამოუკიდებლობა, ეფექტიანობა და როლი", რომლის მიხედვით, მოსამართლეთა მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევები უნდა შემოწმდეს შესაბამისი, დამოუკიდებელი და კომპეტენტური ორგანოს მიერ, იმავდროულად, შემოწმდეს გონივრულ ვადაში და არა გაჭიანურებული პროცედურის შესაბამისად, ასევე `მოსამართლეთა სტატუსის შესახებ~ ევროპის ქარტიას, რომლის თანახმადაც `მოსამართლის მიერ სტატუტით პირდაპირ გათვალისწინებული რომელიმე მოვალეობის შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს სანქციის გამოყენება მხოლოდ არჩეული მოსამართლეებისაგან შემდგარი სასამართლოს ან ორგანოს მიერ, .. ., რომელიც ითვალისწინებს მხარეთა სრულ მოსმენას და რომელშიც პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს აქვს წარმომადგენლობის უფლება.... სასამართლოს ან სანქციის შემფარდებელი ორგანოს გადაწყვეტილება">გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სასამართლო ორგანოში.~.

დისციპლინური საქმისწარმოების სრულყოფილებაზე მეტყველებს ასევე დისციპლინური სტატისტიკა, რომლის თანახმად მოსამართლეთა მიმართ შემოსული საჩივარ-განცხადებების 96%- ზე ხდება დისციპლინური დევნის შეწყვეტა და მხოლოდ 4% სრულდება მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემით და შესაბამისად, დისციპლინური საქმეები განსახილველად ეგზავნება საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიას.

 

6. სასამართლო ადმინისტრირების სრულყოფა

ადამიანის დარღვეული უფლებების აღდგენისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სწრაფი და კვალიფიციური მართლმსაჯულების არსებობას. აღნიშნულის მიზნის მიღწევისათვის მნიშვნელოვანია სასამართლოს გამართული ფუნქციონირება და ადმინისტრირების ეფექტური მექანიზმების შემოღება, საქმისწარმოების წესის სრულყოფა. ამ მიმართულებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ აქტიურად ხორციელდება მეთოდოლოგიური და კანონშემოქმედებითი საქმიანობა. ინტენსიურად ხდება საერთო სასამართლოებიდან სტატისტიკური ანგარიშების გამოთხოვა, სასამართლოების საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებების მიხედვით პრობლემატური საკითხების წამოჭრა, მარეგულირებელ ნორმატიულ ბაზაში არსებული ხარვეზების გამოვლენა, პრობლემების აღმოფხვრის თაობაზე წინადადებების შემუშავება. ამ მხრივ სასამართლო სისტემაში არაერთი ღონისძიება იქნა გატარებული. აღსანიშნავია საქმისწარმოების ფორმების შემოღება, რომელიც იძლევა საქმის განხილვის გაჭიანურების მიზეზების გამოვლენის შესაძლებლობას. მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა საპროცესო კანონმდებლობაში, კერძოდ: გამარტივდა საქმის განხილვის პროცედურები; ეფექტური გახდა მხარეთა უფლებების დაცვა; მოსამართლეებს მიეცათ შესაძლებლობა საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან ასაცილებლად გამოიყენონ უფრო მოქნილი და ეფექტური სამართლებრივი მექანიზმები. გარდა ამისა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შემუშავებულ იქნა მთელი რიგი წინადადებები, რომელიც სამართალწარმოების პროცესის სრულყოფისა და უკეთესი ადმინისტრირებისკენაა მიმართული. უახლოესი მომავლის საქმიანობის საგანს წარმოდგენს ერთიანი კომპიუტერული საინფორმაციო სივრცის შექმნა, რომელიც შესაძლებელს გახდის სასამართლოებში ერთიანი ელექტრონული დოკუმენტბრუნვისა და საქმისწარმოების სისტემების დანერგვას, რაც უზრუნველყოფს საპროცესო, ორგანიზაციული თუ სამეურნეო ხასიათის კორესპონდენციის ოპერატიულად მოძრაობას და საერთო ჯამში, ხელს შეუწყობს სასამართლოში საქმისწარმოების ხარისხის ამაღლებას. საერთო სასამართლოებში წესრიგის დაცვისა და მართლმსაჯულების შეუფერხებლად განხორციელებისათვის ხელშეწყობის მიზნით `საერთო სასამართლოების შესახებ~ საქართველოს ორგანული კანონით შემოღებულ იქნა სასამართლომანდატურის ინსტიტუტი. შესაბამისი ცვლილებები შევიდა საპროცესო კოდექსებში, სადაც განისაზღვრა წესრიგის დამრღვევთა მიმართ კონკრეტული სახდელების დაკისრების შემთხვევები და წესი. მანდატურების შერჩევა განხორციელდა კონკურსის მეშვეობით. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩატარდა სასამართლოს მანდატურების ტრენინგები, რომელთა მიზანი სასამართლოს მანდატურებისათვის როგორც თეორიის, ასევე პრაქტიკული უნარების სწავლება იყო.

 

7. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შექმნისას მის ფუნქციებად განისაზღვრა მოსამართლეთა თანამდებობაზე დანიშვნა, მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლება, საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზება, სასამართლო რეფორმის გასატარებლად წინადადებების შემუშავება და კანონით დადგენილი სხვა ამოცანების შესრულება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შექმნიდან უკვე ათი წელი გავიდა და შეიძლება ითქვას, რომ მან ღირსეული ადგილი დაიკავა ადმინისტრაციულ ორგანოებს შორის. მართალია საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს სტატუსიდან გამომდინარე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებები წარმოადგენდა სარეკომენდაციო ხასიათის წინადადებებს საქართველოს პრეზიდენტისათვის, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ განვლილი პერიოდის განმავლობაში იუსტიციის უმაღლესი საბჭო რეალურად ჩამოყალიბდა როგორც სასამართლო რეფორმის მაკოორდინირებელი და წამყვანი ორგანო. არსებობის მანძილზე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რამდენიმეჯერ განიცადა ტრანსფორმაცია, რათა მისი საქმიანობა ყოფილიყო უფრო ეფექტური სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. საბჭოს შექმნისას მისი შემადგენლობა განისაზღვრა თორმეტი წევრით, სადაც მხოლოდ სამი მოსამართლე იყო წარმოდგენილი. 2004 წლის 30 ივნისს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრა ცხრა წევრით, თუმცა აღნიშნულს მოსამართლეთა რაოდენობაზე გავლენა არ მოუხდენია. იუსტიციის საბჭოს ევროპული მოდელი მსგავსი ორგანოების შემადგენლობაში განსაზღვრავს მოსამართლეთა უმრავლესობის პრინციპს, რომელიც საქართველოს სინამდვილეში დარღვეული იყო. აღნიშნული ხარვეზი გამოსწორებულ იქნა 2005 წლის 25 ნოემბერს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით. საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრა 18 წევრით, რომელთაგან 8 წევრს საერთო სასამართლოების მოსამართლეებისაგან ირჩევდა საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით. თუმცა, საბჭოში მოსამართლეთა წარმომადგენლობის ზრდის ტენდენცია კვლავაც გაგრძელდა. 2006 წლის 25 მაისს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრა 19 წევრით. საბჭოს შემადგენლობიდან გავიდა საქართველოს გენერალური პროკურორი, საქართველოს პარლამენტის ქვოტა გაიზარდა 5 წევრამდე, ხოლო საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული მოსამართლეების რაოდენობამ 9 წევრს მიაღწია. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სტატუსისა და მისი ფუნქციური მოვალეობების თვალსაზრისით გარდამტეხი გახლდათ 2006 წლის 27 დეკემბერს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებები, რამაც შექმნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და შესაბამისად, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის მეტი გარანტიები. ცვლილებების მიხედვით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სტატუსი და დაკომპლექტების პრინციპი სრულად შეესაბამება მოსამართლეთა სტატუსის შესახებ ევროპის ქარტიის ზოგად პრინციპებს. ციტატა ქარტიიდან (თავი 1, პუნქტი 1.3): `ყველა იმ გადაწყვეტილება">გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება მოსამართლეთა შერჩევას, კანდიდატურების მოძიებას, დანიშვნას, სამსახურებრივ წინსვლას ან სამსახურებრივი ვადის შეწყვეტას სტატუტი ითვალისწინებს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი ორგანოს მონაწილეობას, რომლის შემადგენლობის, სულ ცოტა, ნახევარი შედგება მოსამართლეებისაგან, რომლებიც არჩეული არიან კოლეგების მიერვე სასამართლო ხელისუფლების ყველაზე ფართო წარმომადგენლობის უზრუნველმყოფი მეთოდების საფუძველზე.

საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის ბოლო ტრანსფორმაცია 2007 წლის ივნისის თვეში განხორციელდა. საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრა 15 წევრით. ძალზედ მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საბჭოს საქართველოს პრეზიდენტის ნაცვლად თავმჯდომარეობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. საქართველოს პარლამენტის ქვოტა განისაზღვრა 4 წევრით, რომელთაგან პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე თანამდებობრივად შედის საბჭოს შემადგენლობაში, საქართველოს პრეზიდენტს საბჭოში წარმოადგენს მის მიერ დანიშნული 2 წევრი, ხოლო საქართველოს საერთო სასამართლოებს საბჭოში წარმოადგენენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული 8 წევრი, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული წევრი, თუ იგი არ არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, შეიძლება იყოს მხოლოდ საერთო სასამართლომოსამართლე. გარდა ამისა, ცვლილებების შედეგად საბჭოს კომპეტენციად განისაზღვრა მთელი რიგი იმ საკითხების გადაწყვეტა, რომელზეც მანამდე საქართველოს პრეზიდენტი იღებდა გადაწყვეტილება">გადაწყვეტილებას. მათ შორის განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მოსამართლის დანიშვნა და გათავისუფლება, სასამართლოების შექმნა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრა, სასამართლოებში მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრა, მოსამართლეთა სპეციალიზებული კოლეგიების შექმნა, სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნა.

 

8. სასამართლო და მედია

სასამართლო სისტემის გამჭვირვალობა, საჯაროობა და საზოგადოებასთან ურთიერთობა ამ რეფორმის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა. აქამდე დანერგილი პრაქტიკის მიხედვით, სასასამართლო პირდაპირ კონტაქტზე საზოგადოებასთან არ გამოდიოდა და მას ურთიერთობა მხოლოდ საზოგადოების კონკრეტულ წევრთან, კერძოდ კი იმ მხარესთან ჰქონდა, რომელიც წარმოადგენდა პროცესის მონაწილე სუბიექტს ან სასამართლოში განცხადების წარმდგენ მხარეს. სასამართლოსა და საზოგადოების ურთიერთობა უფრო ფართო და მრავალმხრივი უნდა იყოს, საზოგადოებამ მეტი უნდა იცოდეს სასამართლოს შესახებ და ეს ურთიერთობა მედიის მხრიდან მათთთვის მხოლოდ ერთეული პროცესების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს. სასამართლო სისტემაში მიმდინარე ყველა ცვლილება საზოგადოების განსჯის საგანი უნდა გახდეს, საზოგადოებამ თავი რეფორმის მონაწილედ უნდა იგრძნოს, რათა გაუჩნდეს პასუხისმგებლობის გრძნობა ამ პროცესის მიმართ.

სასამართლოსა და საზოგადოებას შორის გამჭვირვალე ურთიერთობის დამყარებისკენ სერიოზული ნაბიჯი უკვე გადაიდგა და სასამართლოებში სპიკერ-მოსამართლის ინსტიტუტი ამოქმედდა. მსგავსი პრაქტიკა უკვე დამკვიდრებულია დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში. სპიკერ-მოსამართლის მეშვეობით სასამართლო საზოგადოებას თავის პოზიციას დაუფიქსირებს.

რეფორმის განხორციელების კვალდაკვალ უნდა მოხდეს იმ ჟურნალისტების სამართლებრივი ცოდნის დონის ამაღლება, რომლებიც სასამართლო სისტემაში მიმდინარე მოვლენებს აშუქებენ. ხშირად ჟურნალისტები სწორედ იმის გამო, რომ სპეციალური განათლება არ აქვთ, არასწორად აშუქებენ მოვლენებს. ტრეინინგების საშუალებით ჟურნალისტებს მიეწოდებათ ინფორმაცია როგორც საკანონმდებლო სიახლეებზე, ასევე _ სასამართლოში მიმდინარე სხვა აქტუალურ საკითხებზე. ჩატარდა სპიკერი მოსამართლეებისა და ჟურნალისტების ტრენინგები, რომელიც მიეძღვნა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებს.

სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესების შესახებ საზოგადოების ინფორმირება ხდება სატელევიზიო პროექტების მეშვეობით, რომლის მიზანია სასამართლო რეფორმის საჯაროობა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება სასამართლოსადმი მიმართვის კუთხით (გადაცემები - „სასამართლო“, „სასამართლო ქრონიკა“, „ვერდიქტი“ „ჩვენი სამართალი“ და სხვა).

 

9. საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც უზრუნველყოფენ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას

არსებითი ცვლილებები იქნა განხორციელებული საქართველოს კონსტიტუციაში 2006 წლის 27 დეკემბერს, რომლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებიდან გავიდა ისეთი საკითხები, როგორიცაა მოსამართლეთა თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება. აღნიშნული უფლებამოსილება გადაეცა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.

2007 წლის 4 ივლისს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შედეგად სისხლისსამართლებრივი წესით აღარ არის დასჯადი მოსამართლის მიერ უკანონო განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანა.

2007 წლის 11 ივლისს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა `საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესის შესახებ~ საქართველოს კანონი, რომელიც განამტკიცებს მოსამართლეთა დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გარანტიებს. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის თანახმად, `საქმის სასამართლოში შესვლის მომენტიდან ამ საქმეზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, აგრეთვე სისხლის სამართლის საქმის წინასწარი გამოძიების სტადიაზე აკრძალულია პროცესის მონაწილეთა, დაინტერესებულ პირთა და საჯარო მოსამსახურეთა მოსამართლესთან კომუნიკაცია, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული საქმის ან საკითხის განხილვასთან და არღვევს სასამართლოს დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპებს.

 
 
 
ოქტომბერი 2017
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია